სიახლეები
2012 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ამოქმედდება ცვლილებები

NEW

2012 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:
სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი


სახელმწიფო ბაჟი მხარეთა მიერ შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე:

ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა” ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.

შენიშვნა:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბოლოო გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეებზე გადახდილი სასამართლო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება მიმდინარე წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.


სარჩელის რეგისტრაცია

• სარჩელის სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ამოწმებს სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს და ახდენს სარჩელის რეგისტრაციას. თუ სარჩელი არ შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილ რეკვიზიტებს, სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის რეგისტრაციაზე და უბრუნებს სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

სარჩელის ფორმალურ გამართულობას განეკუთვნება:

- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმა
- სასამართლოს დასახელება, რომელშიც შედის სარჩელი
- სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა
- მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), ტელეფონის ნომერი*, ელექტრონული ფოსტა*
- მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი)*,ტელეფონის ნომერი*, ელექტრონული ფოსტა*
- მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი)*,ტელეფონის ნომერი*, ელექტრონული ფოსტა*
- ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან ადვოკატს, წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა)
- დავის საგანი
- სარჩელის ფასი
- მოსარჩელის მოთხოვნა
- სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ)
- წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (როდესაც სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს)
- სარჩელზე თანდართულ დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი, გვერდების რაოდენობის მითითებით
- მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე
- ხელმოწერა

• სასამართლოს კანცელარიის უარი სარჩელის რეგისტრაციაზე ხელს არ უშლის მოსარჩელეს განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.


მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება

თუ სარჩელი შეაქვს იურიდიული პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა) ან სარჩელი შეტანილია იურიდიული პირის წინააღმდეგ, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ფოსტის, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური სასამართლოში წარმოადგინოს 2 თვის ვადაში.

ზემოთაღნიშნულ პირებს სარჩელის მოსამართლისათვის გადაცემიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონზე ან/და ელექტონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) მათ მიერ მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე.

ელექტორნული ფოსტით გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.

აღნიშნული წესები არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, ასევე პატიმრობაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მოპასუხისათვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული წესები შესაძლებელია გავრცელდეს ამ პირებზეც მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სარჩელი სასამართლოს მიერ განიხილება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან საჯარო შეტყობინებით მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 1.5 თვისა, 2 თვის ნაცვლად, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე არა უგვიანეს 3,5 თვისა, 5 თვის ნაცვლად.

თუ მოსარჩელე 2 თვის ვადაში საქმის განმხილველ სასამართლოში არ წარადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს.

მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების წესი


- გზავნილი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან მოსარჩელისათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
- გზავნილი მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს პირადად.
- თუ გზავნილის ჩამბარებელმა მოპასუხე ვერ ნახა გზავნილში მითითებულ მისამართზე, იგი გზავნილს აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
- მოპასუხის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს.
- გზავნილის მიმღები ვალდებულია გზავნილის მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, ხოლო თუ გზავნილს იბარებს ოჯახის წევრი ან გზანვილი ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით, მაშინ დამატებით უნდა მიეთითოს ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა, რაც დასტურდება გზავნილის მეორე ეგზემპლარზე გზავნილის მიმღების ხელმოწერით.
- ელექტორნული ფოსტით გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.
- თუ პირველად გაგზავნისას გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი მას უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან მოსარჩელისათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
- თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას გააკეთებს გზავნილზე, რომელიც სასამართლოს უნდა წარედგინოს. ასეთ შემთხვევაში გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული წესების დარღვევით ჩაბარებული გზავნილი არ ჩაითვლება ჩაბარებულად.


თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამასთან, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს შუამდგომლობა გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება