სიახლეები
თბილისის სააპელაცი სასამართლომ კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება არ დაუშვა

[ 2010-05-20 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით გაზეთ `რეზონანსი~-სა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია `ინტერ რაო ეეს”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი `ენგურჰესის ეფექტიანად ექსპლუატაციის შესახებ~ მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საჯარო ინფორმაციის სახით მის გაცნობაზე;
საქმის მასალების მიხედვით `მემორანდუმის~ გასაიდუმლოებას საფუძვლად დაედო კომპანია `ინტერ რაო ეეს”-ის მოთხოვნა, რომ `მემორანდუმს~ მასში შემავალი კონფიდენციალური ინფორმაციის გამო, `ინტერ რაო ეეს~ -ში მიენიჭა გრიფი `კომერციული საიდუმლო~, რისი გათვალისწინებითაც, კომპანია ითხოვდა კონტრაქტორს (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო) მხედველობაში მიეღო დოკუმენტის განსაკუთრებული სტატუსი და მომავალში მასთან დაკავშირებით დაეცვა კონფიდეციალურობა. აღნიშნული მოთხოვნა მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად მიჩევის საფუძელი გახდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მეორე პრიმა მუხლის დანაწესს იმის შესახებ, რომ კომერციული საიდუმლოებაა ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

სასამართლოს მოსაზრებით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც კერძო-სამართლებრივი ხასიათის გარიგებებს დებენ საჯარო დაწესებულებებთან, ამ გარიგებების მიმართ გააჩნიათ კომერციული მიზანი, რომელიც ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას უკავშირდება. შესაბამისად, ამ გარიგებების მიმართ მეწარმე სუბიექტებს გასაიდუმლოების ინტერესი გააჩნიათ.

სასამართლოს მოსაზრებით, როდესაც კერძო სამართლის სუბიექტი კონტრაქტორისაგან ითხოვს იმ შეთანხმების გასაიდუმლოებას, რომლის მიმართაც მას აქვს კომერციული ინტერესები, რაც ბაზარზე მისი კონკურეტუნარიანობის განმსაზღრელია, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაამჟღავნოს შეთანხმების პირობები მესამე პირებთან; ასეთი დასაშვებია მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომლის კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებაც არის მოთხოვნილი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მეორე პრიმა მუხლი საჯარო დაწესებულებას ანიჭებს უფლებამოსილებას, მიუხედვად კერძო სუბიექტის მოთხოვნისა, ინფორმაცია არ მიიჩნიოს კომერციულ საიდუმლოებად, რაც დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუმცა აღნიშნულ გარემოებას მოცემულ სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება, `მემორანდუმის~ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ, არ ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, მოსარჩელეთა პოზიცია დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.


[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება