სიახლეები
სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა

[ 2013-11-06 ]NEW

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ დააკმაყოფილა აპელანტ ლ.წ.-ს საჩივარი, რის საფუძველზეც აპელანტ ლ.წ.-ს შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთა 22 წლიდან 11 წლამდე.

საჩივარში დაცვის მხარემ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ადვოკატი ითხოვდა მსჯავრდებულ ლ. წ.-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში - ვინაიდან მას აღნიშნული დანაშაულები არ ჩაუდენია. ასევე, მოთხოვნილი იყო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად - სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი პრინციპის გათვალისწინებით.

მსჯავრდებული ლ.წ. ამჟამად პატიმრობაშია და სასჯელს იხდის, დანაშაულისათვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა: არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ასევე სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განაჩენით ლ.წ.-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებითად ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლის ვადით.

აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ძარცვის ეპიზოდი და სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ყაჩაღობის ნაწილში განაჩენის გადახედვის თხოვნით მიმართა.
სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ წაყენებული ბრალდებები რამდენიმე ეპიზოდში ემყარება მხოლოდ ჩვენებებს და მათ მიერ ლ.წ-ს ამოცნობის ოქმებს, ხოლო მითითებული მტკიცებულებები კი ეფუძნება ინფორმაციის ერთადერთ წყაროს - დაზარალებულთა ჩვენებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ლ.წ.-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაყენებულ ბრალდებებში უნდა გამართლდეს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ.წ.-ს მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

სასამართლოს განაჩენით ლ.წ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და ლ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, რითაც თითქმის განახევრდა სასჯელი.
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება