|
სიახლეები |
|
თბილისის სააპელაციო სასამარლომ მსჯავრდებულს 16 წლიანი სასჯელი გაუნახევრა
[ 09.10.2008 ]
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 09 ოქტომბერს მსჯავრდებულ ზაზა ჭოხონელიძის საქმის მოსმენა გაიმართა. დანაშაული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ეხებოდა, (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედების 2 ეპიზოდს).
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 42 წლის მსჯავრდებული ციხეში სასჯელს უკვე 9 თვეა იხდის.
განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველამ ადვოკატმა გაასაჩივრა და ზაზა ჭოხონელიძის დანაშაულის ორივე ეპიზოდში სრული გამართლება ითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა – ლია ორკოდაშვილმა, თამარ ალანიამ, სხდომის თავმჯდომარის - მანანა ოთარაშვილის თავმჯდომარეობით მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი გაუნახევრა. სასამართლო შემადგენლობამ ზაზა ჭოხონელიძის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, მსჯავრდებული დამნაშავედ სცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, მაგრამ ამასთან მას დანაშაულის მეორე ეპიზოდი, ნარკოტიკის გასაღება მოუხსნა, იგი ბრალის ამ ნაწილში სრულიად უდანაშაულოდ სცნო და 16 წლიანი სასჯელი 8 წლით შეუმსუბუქა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახური
|
|
|
|
|
|