სიახლეები
ცხენის ქურდობისთვის პატიმრობის ნაცვლად მისჯილი პირობითი სასჯელი

[ 08.12.2008 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 08 დეკემბერს 18 წლის გიორგი ქურდაძის საქმის მოსმენა დასრულდა. ბრალდება მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვანობის დროს ჩადენილ ცხენის ქურდობას ეხებოდა.

2008 წლის მაისში გიორგი ქურდაძე თანასოფლელთან ერთად დაკარგული ცხენის საძებნელად წავიდა. მან თავისი ცხენი ვერ იპოვა და ამ ფაქტით განაწყენებულმა, იქვე საბალახოდ გამოყვანილი, 900 ლარად ღირებული სხვისი ცხენი მოიპარა, რომელიც 450 ლარად თანასოფლელს მიჰყიდა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გ.ქურდაძე დამნაშავედ სცნო ქურდობისთვის და 3 წელი მიუსაჯა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირა და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრით შეუცვალა იმავე ვადით და გამოსაცდელ ვადად 3 წელი დაუდგინა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით პროკურორმა გაასაჩივრა და გ.ქურდაძისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და რეალური სასჯელი, ანუ 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლოს განაჩენი ლმობიერია და სასამართლოს მხრიდან მსგავსი ლმობიერება ასუსტებს მსჯავრდებულისა და სხვა პირთა კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ.ქურდაძის ბრალდების საქმე სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლეების – ნაირა გიგიტაშვილის, მაია თეთრაულის მონაწილეობით, მოსამართლე - მაია ივანიძის თავმჯდომარეობით განიხილა.

მსჯავრდებულის ქმედების შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლომ ქურდაძის მიერ დანაშაულის გულწრფელად აღიარება, ცხენის დაბრუნება და ზარალის სრულად ანაზღაურება მიიჩნია, აგრეთვე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენისას ქურდაძე ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო.

სააპელაციო კოლეგიამ პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ამნისტირებულ მუხლთა შორის მოხვდა, რის შედეგადაც, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, გ.ქურდაძეს 1 წლითა და თვე ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გამოსაცდელ ვადად 3 წელი დაუდგინდა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად იმავე ვადით პირობითი მსჯავრით შეეცვალა.



თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაცია
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება