სიახლეები
48 შუამდგომლობა და 4-ჯერ გადადებული პროცესი

[ 2010-03-18 ]

18 მარტის გაზეთ „24 საათი“-ში გამოქვეყნდა სტატია „ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით შეკერილი საქმე“.
სისხლის სამართლის საქმე 18 წლის მსჯავრდებულ დავით მანაშვილს ეხება, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ თანატოლის მკვლელობისთვის 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამჟამად, საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
ამ თემას არაერთი სტატია მიუძღვნა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა, მეტიც, იგი განცხადებებს ჯერ კიდევ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვამდე და განაჩენის გამოტანამდეც აკეთებდა. სასამართლომ ეს განცხადებები შეაფასა, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.
ადვოკატი ამ მცდელობას უკვე სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრების შემდეგაც აგრძელებს და საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს წამოყენებულ „ბრალდებებს“ კვლავ იმეორებს, არადა რეალობა სრულიად განსხვავებულია, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური იძულებულია გააკეთოს განმარტება იმის თაობაზე, თუ რა მიზეზით გადაიდო მსჯავრდებულ დავით მანაშვილის საქმის განხილვა 4-ჯერ და რატომ არ არის ეს საქმე დასრულებული დღემდე.
აღნიშნული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 26 ივნისს შევიდა.
პირველი სასამართლო სხდომის ჩანიშვნამდე, რომელიც 2009 წლის 16 სექტემბერს ჩატარდა, ადვოკატმა სასამართლოში 32 შუამდგომლობა შეიტანა.
პირველი სხდომა, ადვოკატის დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების მიზეზით გადაიდო, რადგან მან ექსპერტიზის ჩატარებისთვის დრო მოითხოვა, რასაც 2 თვენახევარი დასჭირდა.
მეორე სასამართლო სხდომა 2009 წლის 2 დეკემბერს ჩაინიშნა, სადაც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა 5 შუამდგომლობა დააყენა, რის განხილვასაც იმ დღის სამუშაო საათები არ ეყო და სხდომა 14 იანვრისთვის გადაიდო.
მესამე სხდომის გადადება პროკურორის შუამდგონლობამ გამოიწვია, რომელიც ასევე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.
მეოთხე, 18 მარტის სხდომის გადადება განაპირობა პროცესზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობამ. ექსპერტიზის ჩაუტარებლობის მიზეზად კი მხარეებმა 2 გარემოება დაასახელეს, პირველი ის რომ დაცვის მხარის ექსპერტი თვითაცილებას აცხადებდა, მეორე ის, რომ თვით მოწმემ უარი თქვა კალიგრაფიული ექსპერტიზისათვის ნიმუშების გადაცემაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს მიაკუთვნებს რთულ კატეგორიათა საქმეებს, რომელსაც სკურპულუზური და სრულყოფილი გამოკვლევა სჭირდება. საქმის დეტალური შესწავლის შედეგად პალატა კანონის შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება