სიახლეები
13 წელი განზრახი მკვლელობისათვის

[ 2010-05-05 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით მანაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. დავით მანაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაედო.
საქმის მასალების თანახმად, მკვლელობის მიზეზი დავით მანაშვილის მხრიდან მოკლულის მიმართ ეჭვიანობა გახდა, რადგან მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, რომ დავით მანაშვილს თბილისში მცხოვრები გოგონა მ. ჩ. მოსწონდა, რომელიც დაბა სურამში წლების მანძილზე ისვენებდა და რომელსაც ასევე ჰქონდა ნაცნობობა მოკლულ ირაკლი ჩაკვეტაძესთან.
განსასჯელის დაცვის მთავარი არგუმენტი მოწმე მ. ჩ.-ის არათანმიმდევრული ჩვენება გახდა, რომელიც მან სასამართლოს მისცა და სადაც განაცხადა, რომ არც დავით მანაშვილი და არც მოკლული ირაკლი ჩაკვეტაძე მისი შეყვარებულები არ ყოფილან და შესაბამისად, მანაშვილს ვინმეზე საეჭვიანო არც არაფერი ჰქონდა. თუმცა მანამდე ამავე მოწმემ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ დავით მანაშვილი მისი შეყვარებული იყო და მას აგრესიული და ეჭვიანი ხასიათი ჰქონდა.
მ. ჩ.-სგან განსხვავებით, სასამართლოზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენება თანმიმდევრულია და განსასჯელის ბრალეულობას ადასტურებს. კერძოდ, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც მოკლულის მეგობარია, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან იცოდა ბიჭებს შორის გოგონას გამო არსებული კონფლიქტის შესახებ და შეესწრო კიდეც ერთ-ერთ ასეთ დაძაბულ სატელეფონო საუბარს ჩაკვეტაძესა და მანაშვილს შორის. იგივე კონფლიქტს ადასტურებენ სხვა მოწმეებიც.
მსჯავრდებულის ბრალეულობა ასევე დასტურდება მოკლულის დედის, დის და შემთხვევის ადგილას მყოფი ადგილობრივი მცხოვრებლების ჩვენებებით. მოწმეებმა გამოძიების დროს ამოიცნეს როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ძმა.
დაცვის მხარე სასამართლოს სთხოვდა, მოწმეთა ჩვენების თანახმად, ეჭვქვეშ დაეყენებინათ ბრალდების მიერ წარმოდგენილი იმ მოწმეების ჩვენება, რომლებიც მკვლელობის ფაქტის შემსწრენი გახდნენ და რომლებმაც დავით და ლაშა მანაშვილები ამოიცნეს, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის ის ალიბი, რომელიც მანაშვილების მეზობლად მცხოვრები ორი ქალბატონის ჩვენებას ეყრდობა, რომლის თანახმადაც, დავით და ლაშა მანაშვილები მთელი საღამოს მანძილზე მათ გვერდით იყვნენ, შემდეგ ბებიის ავადმყოფობის გამო, თბილისში გაემგზავრნენ. სასამართლომ დაცვის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არსებულ სხვა მოწმეთა ჩვენებების გასაბათილებლად საკმაო ძალის მქონე მტკიცებულებებად არ მიიჩნია.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ არ მიიჩნია ისეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად, რასაც შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე. მით უმეტეს, როცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, რამ განაპირობა სხვა დღეებისგან განსხვავებით მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღის ისე დამახსოვრება, რომ შემთხვევიდან თითქმის წელიწადის გასვლის შემდეგ, მისი წუთობრივი სიზუსტით გახსენება შეძლეს.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების წარმომავლობა, რომელიც თავის მხრივ გასროლილი იყო მანაშვილის სახლიდან ამოღებული იარაღიდან. Dდაცვის მხარე ეჭვის საფუძვლად უთითებდა მასრების ამოღების დროს შემთხვევის ადგილზე შედგენილი ოქმის უტყუარობას. კერძოდ, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილის ხელმოწერა არ იყო მისი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაცვის მხარის ექსპერტებმაც, დადგინდა, რომ პირის ხელმოწერის იდენთიფიკაციისთვის საჭიროა გამოსაკვლევი ობიექტის მსგავსი ნიმუშების აღება, რაც დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დროს არ იქნა დაცული.
აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 10 პროცესი ჩაატარა, რა დროსაც დაცვის მხარის 63 შუამდგომლობა განიხილა. სასამართლომ საქმის დეტალური შესწავლის შედეგად, სრულყოფილად გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნები, კიდევ ერთხელ დაკითხა შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მკვლელობა დავით მანაშვილმა ჩაიდინა და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება უტყუარად დასტურდება და არ არსებობს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საფუძველი.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება