ვაკანსიებისაჯარო სამსახური

საჯარო სამსახური
თუ თქვენ პროფესიით იურისტი ხართ ან ახლა ეუფლებით ამ პროფესიას და გსურთ სასამართლო სისტემაში დასაქმება აქ განთავსებული მოკლე ინფორმაცია დაგეხმარებათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებული თანამდებობების და იმ ზოგადი წინაპირობების შესახებ წარმოდგენის შექმნაში, რომლებიც სასამართლოში დასაქმების კანდიდატს აქვს წაყენებული. ასევე გაერკვევით იმ პროცედურებში, რომლებიც უნდა გაიაროთ თქვენი მიზნის მისაღწევად. ამასთან, სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობა შეუძლიათ არაიურისტებსაც.

სასამართლოს თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს: საჯარო მოხელეს, რომელიც ინიშნება სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ან დამხმარე მოსამსახურეს, რომელიც არის შრომითი ხელშეკრულებით მიღებული ტექნიკური მუშაკი.

თუ თქვენ გსურთ, დაინიშნოთ სასამართლოში საჯარო მოხელის რომელიმე თანამდებობაზე, თქვენ:
• უნდა იყოთ არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლის;
• უნდა იყოთ ქმედუნარიანი;
• უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
• უნდა გქონდეთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
• უნდა ფლობდეთ სახელმწიფო ენას.

გარდა ამისა, ზოგიერთ თანამდებობაზე დამატებით სპეციალური მოთხოვნებია დაწესებული.

სასამართლოს მოხელე ვერ გახდება ნასამართლევი, გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში მყოფი პირი. ასევე თუ არსებობს კანონით დადგენილი სხვა დამაბრკოლებელი პირობები.

დანიშვნის პროცედურა
სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა ხდება კონკურსის წესით, რითაც უზრუნველყოფილია საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი. კონკურსის შედეგად ფასდება კანდიდატის კვალიფიკაცია, პროფესიული ცოდნის დონე, შესაძლებლობები, პიროვნული თვისებები და მათი შესაბამისობა დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
კონკურსის პროცედურები დეტალურად არის განსაზღვრული კანონით, რაც უზრუნველყოფს მის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას. კონკურსს ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კონკურსი შეიძლება, ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

სასამართლოში არსებული ვაკანსიებისა და კონკურსის შესახებ ინფორმაცია თავსდება სასამართლოს ვებ გვერდზე.

კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორკვირიანი ვადა. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეიცავს ვაკანტური თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას, კანდიდატისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობას, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას, საკონკურსო კომისიის მისამართს.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადება უნდა შეადგინოთ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე და სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა შეიტანოთ შესაბამის მისამართზე. კონკურსი ტარდება მისი გამოცხადებიდან არაუადრეს სამი კვირისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურა
არსებული საშტატო ნუსხით თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებობს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: თავმჯდომარის ბიურო, სასამართლოს აპარატი, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება, კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება) (სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სექტორი, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სექტორი, სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორი, საგამოძიებო კოლეგიის სექტორი, საკურიერო სექტორი) მატერიალური უზრუნველყოფისა და სასამართლოს მანდატურის სამსახური.

თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში არსებობს სხვადასხვა თანამდებობები, რომლებიც, მათი ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება დაიკავოს იურისტმა ან შესაბამისი სპეციალობის მქონე პირებმა.

სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორებში ასევე საგამოძიებო კოლეგიის სექტორში მოსამართლეთა სამუშაო აპარატს ქმნიან მოსამართლის თანაშემწე და სხდომის მდივანი. ისინი უშუალო და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქმეთა წარმოებაში.

მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურას და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებს.
მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება, დაინიშნოთ, თუ გაქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი გაქვთ მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან გაქვთ მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება ანდა ჩაბარებული გაქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სასამართლო სხდომის მდივანი უშუალო მონაწილეობას იღებს საქმის ზეპირ განხილვაში. იგი მოახსენებს მოსამართლეს გამოცხადებულ პირთა ვინაობას, გამოუცხადებელი პირების სათანადოდ ინფორმირების და გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, ადგენს და ხელს აწერს სხდომის ოქმს. ოქმის შედგენისთვის იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და შემდგომში ახდენს მათ გაშიფვრას, ასევე, ახორციელებს სხვა ფუნქციებს.
თუ გსურთ, სხდომის მდივნად დაინიშნოთ, როგორც წესი, გავლილი უნდა გქონდეთ მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან უნდა გქონდეთ სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

მატერიალური უზრუნველყოფისა და სასამართლოს მანდატურის სამსახური, იცავს სასამართლოს შენობას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგს სასამართლო შენობაში და ახორციელებს სხვა ფუნქციებს. მანდატურად შეიძლება, დაინიშნოთ, თუ ხართ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, ფლობს სახელმწიფო ენას, გაქვთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ ხართ ნასამართლევი. მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი.
საჯარო სამსახური
სამართლის კლინიკა
სტაჟირება
[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება