სიახლეები
დოკვაძის საქმე სააპელაციო სასამართლოშია

[ 2010-04-07 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლო ირაკლი დოკვაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებს. დოკვაძე ცოლ-ქმრის, გ.კვრიჭიშვილსა და ე.გულიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლდა.
მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და სააპელაციო საჩივრით, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ირაკლი დოკვაძემ და გოჩა კვრიჭიშვილმა ერთმანეთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიცნეს, რის შემდეგაც, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, სასჯელის მოხდის შემდეგ კვრიჭიშვილმა ირაკლი დოკვაძის შვილი მონათლა.
2009 წლის აპრილში ი. დოკვაძე გ.კვრიჭიშვილს ესტუმრა, სადაც კვრიჭიშვილი და მისი ფეხმძიმე მეუღლე ე. გულიაშვილი იმყოფებოდნენ. მამაკაცები სასაუბროდ ბინის გასარემონტებელ ნაწილში გავიდნენ, სადაც ი. დოკვაძემ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, თავში ჩაქუჩის ჩარტყმით, გოჩა კვრიჭიშვილს მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ხმაურის გაგონებაზე, ერთი სართულით ქვემოთ მცხოვრებმა კვრიჭიშვილის სიდედრმა ქალიშვილს დაურეკა, რის შემდეგაც ე. გულიაშვილი სახლის სარემონტო ნაწილში გავიდა, ამ დროს ი.დოკვაძე ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგივე მეთოდით ფეხმძიმე ქალსაც გაუსწორდა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა.
დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლ-ქმარი ოჯახის წევრებმა იპოვეს, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, ახალშობილს კი სიცოცხლე სასწრაფო საკეისრო კვეთის შედეგად შეუნარჩუნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლში დაიკითხა დაზარალებული გ. კვრიჭიშვილი, რომელმაც ი.დოკვაძე დანაშაულში ამხილა, ე. გულიაშვილმა ქმედუუნარობის გამო, ჩვენების მიცემა ვერ შეძლო. ჩადენილი დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევ ი. დოკვაძეს დანაშაულთა ერთობლიობით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
1992 წელს ი. დოკვაძე ჯაბა იოსელიანის მიმართ განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებით, მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 2001 წელს ნაწილობრივი რეაბილიტაციის შედეგად, ი. დოკვაძეს სასჯელის უმაღლესი ზომა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება