სიახლეები
სიცრუე და რეალობა

[ 2010-03-05 ]

გაზეთ ,,რეზონანსის" 3 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – “ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატ მარი იველაშვილის დაკავებას სტრასბურგში გაასაჩივრებს”.
მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური საქმის დეტალებს გაგაცნობთ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ამპლუაში გასულ კვირას ზაზა ხატიაშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად მსჯავრდებული ადვოკატის მარი იველაშვილის საქმეზე ისაუბრა.

ხატიაშვილის განცხადებით, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებული იველაშვილი სასამართლოს მხრიდან იმყოფებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, რაც მისი აზრით ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა.
გარემოების გასამძაფრებლად ხატიაშვილმა მიუთითა იმ ფაქტობრივ ვითარებაზე, რომ თითქოს 25 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე მარი იველაშვილი ცუდად გახდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ადვოკატის მიერ დააყენებული საკითხი პროცესის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია მარი იველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლომ დაუყოვნებლივ უზრუნველყო მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო დახმარებით. ექიმის განმარტებით, იველაშვილის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ტემპერატურის მხოლოდ მცირეოდენი მომატება გახდა (37-50). ექიმის განმარტებით მარი იველაშვილის პროცესზე ყოფნა ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამასთან, მსჯავრდებულმა პროცესის გაგრძელების სურვილი თავად გამოხატა და არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამს სხდომის გაგრძელების თაობაზე.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მარი იველაშვილის ადვოკატებს არ დაუყენებიათ მოთხოვნა პროცესის რაიმე საფუძვლით გადადების თაობაზე.
ამდენად, სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია რა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად სამართლიანად მიიღო გადაწყვეტილება საამართლო განხილვის გაგრძელების თაობაზე.

ამასთან, ვფიქრობთ საზოგადოებისთვის ინტერეს მოკლებული არ იქნება მარი იველაშვილის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობა.

ადვოკატ მარი იველაშვილს მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, 2 ეპიზოდში, კერძოდ კი მან მოტყუებით ორ პენსიონერ ქალბატონს თითქოსდა სრულყოფილი იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ერთს 309, მეორეს კი 100 ლარი გამოართვა, რაც ამ ქალბატონებისათვის საპენსიო კრედიტით და ვალად აღებულ თანხას წარმოადგენდა.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით კერძოდ, დაზარალებულების ო. ვალიევისა და გ. ნონიკაშვილის ჩვენებების საფუძველზე იველაშვილის ბრალეულობა დადასტურდა.
ასევე დადგინდა, რომ ივალაშვილი არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში როგორც ადვოკატი, მას არ ჰქონდა ორდერის გამოწერის უფლება რომლის გარეშეც ის ვერ უზრუნველყოფდა დაზარალებულის ინტერესების დაცვას.

ამიტომ, ადვოკატი შემოიფარგლა მხოლოდ სარჩელისა და განცხადების სასამართლოში შეტანით და დაზარალებულების მხრიდან არაერთი თხოვნის მიუხედავად მათი მინიმალური დაცვაც არ განახორციელა, სწორედ მარი იველაშვილის ამგვარი ქმედება გახდა დაზარალებულების მიმართ საქმის უარყოფითად დასრულების მიზეზი.

საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ ორივე დაზარალებულის ჩვენებით, რასაც თავად მარი იველაშვილიც დაეთანხმა დუმილის სანაცვლოდ ის თანხის უკან დაბრუნებაზეც თანახმა იყო.

ამდენად, საფუძველს მოკლებულია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოსაზრება როგორც მარი იველაშვილის მიმართ საქმის განხილვის დროს მისი უფლებების დარღვევაზე, ასევე ადვოკატის მტკიცება იველაშვილის უდანაშაულობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს გაზეთის ჟურნალისტებთან, რათა მომავალშიც არ მოხდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.

პატივისცემით,
თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება