გაითვალისწინეთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რადგან აღნიშნულით მოქმედებით დაირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპები. შესაბამისად, აღნიშნული შინაარსის მოთხოვნით მიმართვა დაუშვებელი და უპერსპექტივოა.
უფასო იურიდიულ კონსულტაციას სოციალურად დაუცველ და სხვა კატეგორიის პირებს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. ამ დაწესებულებათა ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო მონაცემები იხილეთ მოცემულ ბმულზე.
გარდა ზემოთქმულისა, სამართლებრივი ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ მიმართოთ იმ საჯარო ბიბლიოთეკებს, რომლებშიც დაცულია იურიდიული ხასიათის ლიტერატურა. ამგვარ ბიბლიოთეკათა ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო მონაცემები იხილეთ მოცემულ ბმულზე.
ჩვენი ვებ-გვერდი შეიცავს მრავალ სასარგებლო ინფორმაციას საერთო სასამართლოების ადმინისტრირებისა და საქმიანობის შესახებ.
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში.
გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სასამართლო ფორმის სასამართლოში წარდგენისას არ არის აუცილებელი, რომ შემომტანი და ფორმის ავტორი ემთხვეოდეს ერთმანეთს. მთვარია, რომ შევსებული სასამართლო ფორმა უფლებამოსილი პირის (მაგ. აპელანტის) მიერ იყოს ხელმოწერილი.
სასამართლო ფორმების მოძიება შეგიძლიათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე (განყოფილებაში სასამართლო ფორმები). სასამართლო ფორმები მოცემულია სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებისათვის პირველ, მეორე და მესამე ინსტანციების სასამართლოებში.
ფორმათა შესავსებად აუცილებელია გქონდეთ Word 2003-ი ან უფრო ახალი ვერსია, ასევე ფონტები Litnusx, Litmtavr და Times new Roman-ი (იხ. ბმული).
სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
- სახელმწიფო ხაზინა 220101222;
- ანგ. ნომერი: 200122900;
- საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300773150.
ბაჟის ქვითარში საქმის იდენტიფიკაციისათვის რაიმე მონაცემის მითითება აუცილებელო არ არის. ხსენებული არ განიხილება ხარვეზად.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკურ პირთათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000, ხოლო იურიდიულ პირთათვის 7000 ლარს. უფრო კონკრეტული ინფორმაციისათვის იხილეთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 თავი (,,საპროცესო ხარჯები”) და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 თავი (,,პროცესის ხარჯები”).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.