სიახლეები
ადმინისტრაციული დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყდა

[ 2010-04-29 ]

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ფიზიკური პირის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. 2010 წლის 27 აპრილს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, არჩილ დანელია 13 000 ლარის ჯარიმისგან გათავისუფლდა.
მოქალაქეს ჯარიმა უნებართვო მშენებლობისა და მიწერილობის შეუსრულებლობისათვის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დააკისრა, რაც მან მერიის შესაბამის სამსახურში გაასაჩივრა, სადაც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მერიის შემდეგ არჩილ დანელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანელიამ სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თავისი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა არჩილ დანელიას სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, ასევე ბათილად სცნო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის #დ297 დადგენილება და მერიის #1305 განკარგულება აპელანტისთვის 13 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამარლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დაირღვა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული კანონის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი პირს სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვეში შეიძლება დაედოს, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია, მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არჩილ დანელიას ადმინისტრაციული სახდელი სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლისა და 18 დღის შემდეგ დააკისრა, შესაბამისად, დაირღვა კანონის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით, მოქალაქე დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდას გადაურჩა.

[ 2014-02-03 ]
სასამართლო ტური
[ 2014-01-31 ]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გავლენა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
სიახლეების არქივი
 
 
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
დახმარება